top of page

რა არის ინვიტრო განაყოფიერება ?

1 day ago
5 min read

ექიმი ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას ატარებს

დღეისათვის მსოფლიოში ათასობით წყვილი სწორედ ინვიტრო განაყოფიერების (IVF) დახმარებით ხდება მშობელი. ეს მეთოდი რეპროდუქციული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ბუნებრივად დაორსულება უჭირთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა არის IVF, ვის შეიძლება დასჭირდეს, რა ეტაპებისგან შედგება პროცედურა და რა უნდა გაითვალისწინოთ მის დაწყებამდე.


ინვიტრო განაყოფიერება: მარტივი განმარტება

ტერმინი „ინ ვიტრო" ლათინური წარმოშობისაა და მედიცინაში ნიშნავს „ორგანიზმს გარეთ". ეს სახელი იქიდან მოდის, რომ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმა ქალის ორგანიზმის გარეთ, სპეციალურ ლაბორატორიაში ხდება. ინგლისურ ენაზე მეთოდს In Vitro Fertilization ეწოდება, შემოკლებით IVF.


მარტივად რომ ვთქვათ, ინვიტრო განაყოფიერება არის პროცესი, რომლის დროსაც:


  • ქალს ჰორმონული სტიმულაციით უმწიფდება რამდენიმე კვერცხუჯრედი;

  • მომწიფებულ კვერცხუჯრედების მიღება ხდება მცირე პროცედურით, რომელსაც საკვერცხეების ტრანსვაგინალური პუნქცია ეწოდება;

  • ლაბორატორიაში მათ სპერმატოზოიდებით ანოყოფიერებენ;

  • რამდენიმე დღის შემდეგ ხდება მიღებული ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა.


პირველი ბავშვი, რომელიც ინვიტრო განაყოფიერებით ჩაისახა, 1978 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. 2010 წელს ამ მეთოდის ერთ-ერთ შემქმნელს, რობერტ ედვარდსს, ნობელის პრემია მიენიჭა. მას შემდეგ ტექნოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დღეს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სწორედ ამ გზით არის დაბადებული.


აღსანიშნავია, რომ ხშირად ინვიტროს სინონიმად ხელოვნურ განაყოფიერებას იყენებენ. 


ვის შეიძლება დასჭირდეს IVF?


ინვიტრო განაყოფიერება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც დაორსულება ბუნებრივი გზით ვერ ხერხდება ან დაკავშირებულია სერიოზულ სირთულეებთან. ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  

  • ფალოპის მილების დაზიანება ან გაუვალობა, როცა კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ვერ ხვდება ერთმანეთს;

  • ენდომეტრიოზი, რომელიც ხშირად აქვეითებს ნაყოფიერებას;

  • ოვულაციური დარღვევები, მათ შორის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;

  • მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა: სპერმის დაბალი კონცენტრაცია ან მოძრაობის დარღვევები;

  • საკვერცხეების რეზერვის შემცირება, რაც ხშირად ასაკს უკავშირდება;

  • აუხსნელი გენეზის უნაყოფობა, როცა გამოკვლევები მიზეზს ვერ ავლენს;

  • მემკვიდრეობითი დაავადებები, როცა წყვილს სურს ემბრიონის გენეტიკური შემოწმება;

  • ინსემინაციის ან სხვა მეთოდების წარუმატებელი მცდელობები.


საბოლოო გადაწყვეტილებას რეპროდუქტოლოგი იღებს სრული გამოკვლევის შემდეგ, ორივე პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.



რა ეტაპებისგან შდგება ინ ვიტრო განაყოფიერება?


ინ ვიტრო განაყოფიერების ეტაპები

ინ ვიტრო განაყოფიერება რამდენიმე თანმიმდევრული ეტაპისგან შედგება და სრული ციკლი საშუალოდ 4–6 კვირას გრძელდება.

 IVF - ის ძირითადი ეტაპებია:

  1. კონსულტაცია და გამოკვლევები;

  2. საკვერცხეების ჰორმონული სტიმულაცია;

  3. კვერცხუჯრედების მიღება (საკვერცხეების ტრანსვაგინალური პუნქცია);

  4. განაყოფიერების პროცესი ლაბორატორიულ პირობებში;

  5. ემბრიონების კულტივირება;

  6. ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში;

  7. ორსულობის ტესტი.


განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად.


1. კონსულტაცია და გამოკვლევები


ყველაფერი რეპროდუქტოლოგთან კონსულტაციით იწყება. ექიმი სწავლობს წყვილის სამედიცინო ისტორიას და ნიშნავს საჭირო კვლევებს. ქალისთვის ეს, როგორც წესი, მოიცავს ჰორმონების ანალიზს (მაგალითად, AMH, FSH, LH), ულტრაბგერით გამოკვლევას და ინფექციების სკრინინგს. მამაკაცს უტარდება სპერმოგრამა. შედეგების მიხედვით ექიმი ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას ადგენს.


2. საკვერცხეების ჰორმონული სტიმულაცია


ბუნებრივ ციკლში ქალს, როგორც წესი, ერთი კვერცხუჯრედი უმწიფდება. IVF-ის დროს მიზანია რამდენიმე კვერცხუჯრედის მიღება, რაც წარმატების შანსს ზრდის. ამისთვის ქალი დაახლოებით 8–14 დღის განმავლობაში იღებს ჰორმონულ ინექციებს. ამ პერიოდში ექიმი რეგულარულად აკონტროლებს ფოლიკულების ზრდას ულტრაბგერითა და სისხლში ჰორმონული ანალიზებით. როცა ფოლიკულები საჭირო ზომას მიაღწევს, კეთდება ე.წ. „ტრიგერის" ინექცია, რომელიც კვერცხუჯრედების საბოლოო მომწიფებას იწვევს.


3. კვერცხუჯრედების აღება (საკვერცხეების ტრანსვაგინალური პუნქცია)


ტრიგერის ინექციიდან დაახლოებით 34–36 საათის შემდეგ ტარდება საკვერცხეების ტარნსვაგინალური პუნქცია ოოციტების მიღების მიზნით. პროცედურა ხანმოკლე ინტრავენური ანესთეზიით ტარდება და, როგორც წესი, 10–20 წუთს გრძელდება. ექიმი, ტრანსვაგინალური ულტრაბგერის კონტროლით, წვრილი ნემსის მეშვეობით ახდენს თითოეული ფოლიკულიდადან ფოლიკულური სითხის ასპირაციას, საიდანაც ემბრიოლოგი კვერცხუჯრედებს გამოყოფს. პაციენტი, 2-3 საათის დაყოვნების შემდეგ იმავე დღეს ბრუნდება სახლში.


4. განაყოფიერების პროცესი ლაბორატორიაში


იმავე დღეს მამაკაცი მასტურბაციის გზით აბარებს სპერმის ნიმუშს. ეაკულატში სპერმატოზოიდების არ არსებობის შემთხვევაში შესაძლოა განხილული იყოს სპერმის მიღების ქირურგიული მეთოდები ან გამოყენებული იყოს დონორის სპერმა. ლაბორატორიაში სპერმას სპეციალურად ამუშავებენ, რათა შეირჩეს ყველაზე ჯანმრთელი და მოძრავი სპერმატოზოიდები. განაყოფიერება ორი გზით შეიძლება განხორციელდეს:


  • კლასიკური IVF: კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები ერთად თავსდება სპეციალურ ფინჯანზე და განაყოფიერება ბუნებრივად ხდება;


  • ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია): ემბრიოლოგი ერთ სპერმატოზოიდს უშუალოდ კვერცხუჯრედში შეიყვანს. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობისას.


5. ემბრიონების კულტივირება

განაყოფიერებული კვერცხუჯრედები სპეციალურ ინკუბატორებში თავსდება, სადაც ორგანიზმის მსგავსი პირობებია შექმნილი. ემბრიოლოგი ყოველდღიურად აფასებს ემბრიონების განვითარებას. როგორც წესი, ემბრიონებს 3–5 დღის განმავლობაში ზრდიან. მეხუთე დღეს ემბრიონი ბლასტოცისტის სტადიას აღწევს, რაც საუკეთესო ხარისხის ემბრიონის შერჩევის საშუალებას იძლევა. საჭიროების შემთხვევაში, ამ ეტაპზე შესაძლებელია ემბრიონის ბიოფსიის ჩატარება პრეიმპლანტაციური გენეტიკური ტესტირებისთვის (PGT). 


6. ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში


ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში მარტივი და, როგორც წესი, უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ანესთეზიას არ საჭიროებს. ექიმი თხელი, რბილი კათეტერით ემბრიონს საშვილოსნოს ღრუში ათავსებს. გადასატანი ემბრიონების რაოდენობას ექიმი პაციენტთან ერთად განსაზღვრავს. თანამედროვე პრაქტიკა ხშირად ერთი საუკეთესო ემბრიონის გადატანას ანიჭებს უპირატესობას, რათა მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი შემცირდეს. ემბრიონის გადატანა შესაძლებელია როგორც იმავე ციკლში, ისე მოგვიანებით, გაყინული ემბრიონის გამოლღობის სემდეგ.


7. ორსულობის ტესტი

ემბრიონის გადატანიდან დაახლოებით 10–14 დღის შემდეგ ტარდება სისხლის ანალიზი ქორიონული გონადოტროპინის (hCG) დონეზე. ეს ტესტი აჩვენებს, მოხდა თუ არა ემბრიონის იმპლანტაცია. დადებითი შედეგის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში ულტრაბგერითი კვლევა ტარდება ორსულობის დასადასტურებლად.


რა განაპირობებს ინვიტროს წარმატებას?


ინვიტრო განაყოფიერების ეფექტურობა ინდივიდუალურია და რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული:


  • ქალის ასაკი: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ასაკთან ერთად კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი მცირდება;

  • ემბრიონის ხარისხი, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული კვერცხუჯრედისა და სპერმის ხარისხთან;

  • უნაყოფობის მიზეზი და თანმხლები დაავადებები;

  • ენდომეტრიუმის მდგომარეობა, ანუ რამდენად მზადაა საშვილოსნო ემბრიონის მისაღებად;

  • ცხოვრების წესი: თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა და ალკოჰოლი ამცირებს წარმატების შანსს;

  • კლინიკის ხარისხი, გამოცდილება და ემბრიოლოგიური ლაბორატორიის აღჭურვილობა.


ხშირად ორსულობა პირველივე ციკლში დგება, თუმცა ზოგჯერ რამდენიმე მცდელობაა საჭირო. ეს სავსებით ნორმალურია და არ ნიშნავს, რომ მეთოდი თქვენთვის არ მუშაობს.


შესაძლო რისკები და გვერდითი ეფექტები


IVF ზოგადად უსაფრთხო პროცედურად ითვლება, თუმცა, როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც აქვს გარკვეული რისკები. ჰორმონულმა სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, მსუბუქი ტკივილი მუცლის არეში და გუნება-განწყობის ცვლილებები. იშვიათად ვითარდება საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, რომელიც ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს. რამდენიმე ემბრიონის გადატანისას იზრდება ტყუპებით ან მრავალნაყოფიანი ორსულობის ალბათობა. არ უნდა დავივიწყოთ ემოციური მხარეც: პროცესი ხშირად სტრესულია, ამიტომ პარტნიორის, ოჯახისა და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.


როგორ მოვემზადოთ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის?


წინასწარი მომზადება შედეგზე დადებითად მოქმედებს. სპეციალისტები, როგორც წესი, გირჩევენ:

  • თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების სრულად შეწყვეტას ორივე პარტნიორისთვის;

  • დაბალანსებულ კვებასა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას;

  • ზომიერ ფიზიკურ აქტივობას;

  • ფოლიუმის მჟავას მიღებას ექიმის რეკომენდაციით;

  • საკმარის ძილსა და სტრესის შემცირებას.

  • ნებისმიერი ვიტამინის ან მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.


როგორ ავირჩიოთ ინვიტრო კლინიკა?


ინვიტრო განაყოფიერების წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კლინიკის არჩევანზე. გადაწყვეტილების მიღებამდე ღირს რამდენიმე მთავარ კრიტერიუმზე ყურადღების გამახვილება:


  • კლინიკის გამოცდილება და შედეგები: რამდენი წელია კლინიკა მუშაობს და რამდენი ბავშვი დაიბადა მისი დახმარებით;

  • ექიმების კვალიფიკაცია: აქვთ თუ არა გავლილი საერთაშორისო ტრენინგები და თუ არიან ავტორიტეტული პროფესიული ასოციაციების წევრები;

  • ემბრიოლოგიური ლაბორატორია: რამდენად თანამედროვეა აღჭურვილობა და შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს;

  • სერვისების სპექტრი: სთავაზობს თუ არა  კლინიკა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს ICSI-ს, PGT-A, PGT-M-ს, ემბრიონების გაყინვას, დონაციისა და სუროგაციის პროგრამებს;

  • გამჭვირვალობა და ინდივიდუალური მიდგომა: რამდენად დეტალურად გაწვდიან ინფორმაციას ყველა ეტაპის შესახებ.


ინ ვიტრო კლინიკა ლიდერმედი

ამ კრიტერიუმებით საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია ლიდერმედის ინ ვიტრო კლინიკა. სწორედ ლიდერმედის წამყვან ინ ვიტრო გუნდს უკავშირდება ხელოვნური განაყოფიერების დანერგვა საქართველოში: 2000 წელს ამ გუნდის დახმარებით დაიბადა პირველი ინვიტრო ბავშვი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. 1998 წლიდან მოყოლებული, კლინიკის გუნდის დახმარებით მსოფლიოში 15 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან ინ ვიტრო ცენტრებთან და გვყავს პაციენტები მთელი მსოფლიოდან. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში.


ლიდერმედი არაერთი პიონერული ნაბიჯის ავტორია. 2005 წელს საქართველოში პირველად აქ განხორციელდა კვერცხუჯრედის დონაციისა და სუროგაციის პროგრამები, ასევე სპერმისა და კვერცხუჯრედის გაყინვა. კლინიკა ქვეყანაში რეპროდუქციული სამედიცინო ტურიზმის პიონერადაც ითვლება, ამიტომ მას პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან მიმართავენ.


მრავალწლიანი გამოცდილება, პიონერული ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები ლიდერმედს იმ წყვილებისთვის სანდო არჩევანად აქცევს, რომლებიც მშობლობისკენ მიმავალ გზას იწყებენ. დამატებითი ინფორმაცია კლინიკის ისტორიის, გუნდისა და ღირებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე ლიდერმედის შესახებ.



შეჯამება


ინვიტრო განაყოფიერება დღეს უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და აპრობირებული მეთოდია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და მოთმინებას მოითხოვს, სწორი დიაგნოსტიკა, ინდივიდუალური მიდგომა და გამოცდილი გუნდი მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსს. თუ ერთ წელზე მეტია (35 წელს ზემოთ ასაკის ქალებისთვის კი ექვს თვეზე მეტი) ცდილობთ დაორსულებას და შედეგი არ დგება, ნუ გადადებთ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტს. დროული კონსულტაცია პირველი ნაბიჯია ოცნების რეალიზაციისკენ.



 
 
 

Comments


bottom of page